[x]

ძიება

როგორ გავტოპოთ მდინარე

ადრე თუ გვიან, ყველას მოგვიწევს მდინარის გადაკვეთა. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და რიკსებიც სწორად შევაფასოთ. ამ სტატიაში წაიკითხავთ როგორ უნდა გატოპოთ მდინარე ყველაზე მარტივად, მინიმალური რისკებით.

ბოლო განახლება · 3 წუთის წასაკითხი

უმჯობესია ვეძებოთ ხიდი ან სხვა სახის მარტივი გადასასვლელი, მაგრამ თუ სხვა გზა არ არის, მოგვიწევს მდინარის გადაკვეთა. გატოპვისას რომ რისკები მინიმუმამდე შეამციროთ და საქმე გაიმარტივოთ, მიყევით შემდეგ ჩამოთვლილ რჩევებს.

რისკების შეფასება

ქვის ჩაგდებით ან ჯოხით შეაფასეთ მდინარის სიღრმე. თუ წყალი წელამდე მოგწვდებათ, ჯობს საფრთხე აირიდოთ და მდინარე არ გადაკვეთოთ. იცოდეთ რა დროს გამობრუნდეთ უკან.

მარტივი ადგილის პოვნა

დაუთმეთ დრო შედარებით მარტივი გასატოპი ადგილის მოძებნას. შესაძლოა ისეთი ადგილიც იპოვოთ, რომ პირდაპირ გადაახტეთ მდინარეს (და თუ ამავდროულად მდინარე ღრმა არაა). გადასაკვეთი ადგილის შერჩევის შემდეგ, გაუყევით ნაპირს მდინარის დინების მიმართულებით და ნახეთ ხომ არ არის რაიმე საფრთხე მდინარეში. ეს იმისთვის, რომ არ შეეჯახოთ წვეტიან ქვებს, არ მოყვეთ მორევში და არ გადაყვეთ ჩანჩქერს (იმ შემთხვევაში, თუ წყალმა წაგიღოთ).

ადგილის შერჩევისას გაითვალისწინეთ:

  • ერიდეთ მიხვეულ-მოხვეულ ადგილებს. ამ ადგილებში მდინარე სწრაფი და მჩქეფარეა.
  • ერიდეთ ვიწრო ადგილებს. მდინარის ვიწრო ადგილებში წყალი ღრმაა და დინება სწრაფია.
  • შეარჩიეთ მაქსიმალურად განიერი ადგილი. წყალი არის დაბალი და დინება ნელი.
  • არ გადახვიდეთ ისეთ ადგილას, სადაც წყალს დამტვრეული ხეები და ტოტები აქვს გამორიყული.
  • დააკვირდით ტალღებს. ქაფიანი ტალღები მიანიშნებს ქვებზე (აქ ფეხის დასრიალება მარტივია). შეარჩიეთ წყნარი დინება.

მომზადება მდინარის გადასაკვეთად

შეინახეთ ტელეფონი, ციფრული ტექნიკა და საკვები წყალგაუმტარ ჩანთებში.

გაიხადეთ ტანსაცმელი. დიახ, თუ წყლის დონე მუხლებს ზემოთაა, აჯობებს თუ შარვალს და წინდებს გაიხდით (მაგრამ არ შეხვიდეთ მდინარეში ფეხშიშველი). ნუ მოგერიდებათ, რადგან საცვლებით გატოპვა ჯობს სველი ტანსაცმლით სიარულს ან წყლით დამძიმებული ტანსაცმლის ჩანთით ტარებას.

თუ გამოსაცვლელი ფეხსაცმელი არ გაქვთ, ჯობს წინებით შეხვიდეთ მდინარეში. ფეხი ნაკლებად დაგიცურდებათ, მაგრამ იყავით ძალიან ფრთხილად, რომ რაიმე არ შეგერჭოთ და არ დაზიანდეთ.

შეიხსენით ზურგჩანთის წელის შესაკრავი. საჭიროების შემთხვევაში მარტივად რომ მოიხსნათ ჩანთა.

გადაკვეთის ტექნიკა

თუ მდინარის გადაკვეთა გიწევთ მარტოს, დადექით დინების საპირიპირო მიმართულებით. გადაიხარეთ სახით წინ დინების საპირისპიროდ და იარეთ მოკლე გვერდული ნაბიჯებით. დაიხმარეთ ტრეკინგის ჯოხები წონასწორობის შესანარჩუნებლად.

თუ ხართ სამნი (ან სამ-სამი), გამოიყენეთ ტრიპოდის ტექნიკა — ჩაკიდეთ სამმა ადამიანმა ხელები (იდაყვებით) ისე, რომ შეიქმნას სამკუთხედი. სახეებით იდექით შიდა მხარეს და ასეთ პოზიციაში ნელ-ნელა გადაკვეთეთ მდინარე.

თუ ჯგუფში ხართ ბევრნი, ხელებით შექმენით ჯაჭვი და გადადით ხელჩაკიდებულები მდინარის პარალელურად (ხელებს ვჭიდებთ მკლავებით, იდაყვებით).

გამოიყენეთ თოკი მისი არსებობის შემთხვევაში. ერთი მხარე გამოვაბათ ნაპირზე მყარ საგანს (ხეს, დიდ ქვას). მეორე მხარე დავიჭიროთ ჩვენ. წაქცევის შემთხვევაში წყალი არ წაგვიღებს შორს და თოკი დაგვეხმარება ნაპირზე დაბრუნებაში.

თუ ხართ ორი ან მეტი ადამიანი, მას შემდეგ რაც პირველი გადავა მეორე ნაპირზე, თოკის მეორე ბოლო ჩააბით ასევე ხეს ან ძლიერად დაიჭირეთ ხელით. შემდეგი პიროვნება გამოყვება ამ თოკს, რაც ბევრად გაამარტივებს საქმეს. ბოლო გადმომსვლელმა უნდა მოხსნას თოკი მიბმულ საგანს (თორემ თოკის გამო მეორედ გადმოსვლა არც ისე სასიამოვნოა).

თუ დინებამ წაგიღოთ

არ შეშინდეთ და არ აყვეთ პანიკას. თქვენზე უარესი წყალწაღებულებიც არსებობენ.

მოიხსენით ზურგჩანთა და გაცურეთ ნაპირისკენ. უჩანთოდ დინება ნაკლებად წაგიღებთ და ცურვაც ბევრად მარტივი იქნება. ჩანთა კი სადმე აუცილებლად გამოირიყება. ან რომც ვერ იპოვოთ, დახრჩობას უჩანთოდ ყოფნა ჯობს.