[x]

ძიება

როგორ შევარჩიოთ სალაშქრო ჯოხები

სალაშქრო ჯოხები ძალიან გამოსადეგია ყველასთვის, ვისაც დიდი მანძილის გავლა უწევს ან მძიმე ჩანთა აქვს სატარებელი. სალაშქრო, იგივე ტრეკინგის ჯოხები გვმატებს სტაბილურობას სიარულისას, გვეხმარება ბალანსში და წონის თანაბარ გადანაწილებაში.

ბოლო განახლება · 5 წუთის წასაკითხი

სალაშქრო ჯოხები

სალაშქრო (ტრეკინგის) ჯოხების ტიპები და მახასიათებლები

დაკეცვადობა

სალაშქრო ჯოხების უმეტესობა შედგება 2 ან 3 ნაწილისგან და იკეცება პირდაპირ Z ფორმაზე, ან ერთმანეთში (ანტენის მსგავსად). თუ თქვენი სალაშქრო ჯოხი ფიქსირებულია და არ იკეცება, სავარაუდოდ შეგეშალათ და სათხილამურო ჯოხი გიყიდიათ.

დაკეცილ მდგომარეობაში ჯოხები მარტივად მაგრდება ზურგჩანთაზე და მოხერხებულია ტრანსპორტირებისთვის.

როგორ გავშალოთ და დავკეცოთ Z-Pole ტიპის ტრეკინგის ჯოხები.

ზომის რეგულირება

თითქმის ყველა სალაშქრო ჯოხს აქვს ზომის რეგულირების შესაძლებლობა. ჯოხის ზომა უნდა შევარჩიოთ ისე, რომ დგომისას იდაყვი გვქონდეს 90°-ით მოხრილი.

რეგულირებადი ზომის ჯოხების შემთხვევში არჩევანის გაკეთება მარტივია:

  • თუ ჩვენი სიმაღლე 183 სმ-ს აღემატება, უნდა ვიყიდოთ ჯოხი, რომლის სიგრძე გაშლილ მდგომარეობაში 130 სმ-ზე მეტია.
  • თუ 183 სმ-ზე მაღალი არ ვართ, მაშინ ნებისმიერი რეგულირებადი ჯოხის მორგება შეგვეძლება ჩვენთვის სასურველ ზომაზე.

ფიქსირებული ზომის ჯოხის შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ შემდეგი ცხრილით*

ადამიანის სიმაღლე (სმ) ჯოხის რეკომენდებული სიგრძე (სმ)
155-მდე 100
155 – 170 110
170 – 180 120
180 და მეტი 130

* ცხრილი შედგენილია REI Co-op რეკომენდაციების მიხედვით.

სალაშქრო ჯოხის კუთხე

ჩამკეტები

ყველა რეგულირებად ჯოხს აქვს ერთი ან ორი ჩამკეტი. სულ რამდენიმე სახის ჩამკეტი არსებობს და მარტივია მათი განსხვავება.

ხრახნიანი საკეტი (TwistLock) - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია. გაშლის და სასურველ ზომაზე დაყენების მერე სექციებს ვატრიალებთ და ასე ვაფიქსირებთ მას. უარყოფითი მხარე არის ის, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც, სიარულის დროს ხრახნი ეშვება და სექციები იკეცება.

ბერკეტიანი საკეტი (FlickLock, FlickLock Pro) - მოხერხებული და მარტივი საკეტი. გაშლის და ზომის შერჩევის შემდეგ საკეტს უბრალოდ გადავაწკაპებთ და ყველაფერი მზადაა.

კომპინირებული საკეტი - ასეთია Z ფორმაზე დასაკეცი ჯოხების უმეტესობა. გაშლის შემდეგ ვწევთ ზედა სექციის ფიქსატორს და ჯოხი ავტომატურად იკეტება. გახსნა ხდება ღილაკზე თითის დაჭერით. ღილაკის გარდა კომბინირებულ ვარიანტში გვხვდება ზემოხსენებული FlickLock საკეტებიც.

ამორტიზაცია

ამორტიზაცია, იგივე ანტიშოკი - ერთი შეხედვით მიმზიდველი თვისებაა და კომფორტთან ასოცირდება, მაგრამ არა ყველა სიტუაციაში.

ცუდი მხარე: ქვებზე სიარულისას ჯოხის ამორტიზაცია უარყოფით გავლენას ახდებს სტაბილურობაზე. განსაკუთრებით მდინარის გადაკვეთისას. ასევე აღმართში სიარულისას ამორტიზატორი "ჭამს" ჩვენს ენერგიას და ცოტათი გვირთულებს გზას.

კარგი მხარე: დაღმართში სიარულისას ტრეკინგის ჯოხის ამორტიზაცია დიდ დატვირთვას გვარიდებს სახსრებზე. ასე რომ, თუ გაწუხებთ სახსრები და გინდათ ზედმეტი სტრესი აირიდოთ, ჯობს ასეთი ჯოხები იყიდოთ. ზოგიერთ ჯოხს აქვს ამორტიზაციის გათიშვის ფუნქცია, რაც გამოსადეგია აღმართებში სიარულისას.

კალათები

კალათები ძალიან გამოსადეგია თოვლში და ტალახში სიარულისას. ტრეკინიგს თითქმის ყველა ჯოხს მოყვება ორი წყვილი კალათა, რომლებიც უმაგრდება ჯოხის წვერებს და გვაძლევს მეტ სტაბილურობას და წონასწორობას თოვლში სიარულისას.

პატარა კალათა იზრუნველყოფს იმას, რომ ჯოხი ღრმად არ ჩაეფლოს მიწაში და ტალახში. თოვლში სიარულისას ჯოხს უნდა დავუმაგროთ განიერი კალათა.

თუ საფარი, რომელზეც დავდივართ, მყარია და ჯოხი არ იფლობა, ჯობს თუ კალათს საერთოდ მოვხსნით. ასე ჯოხი აღარ გამოედება ბალახებს და ხის ტოტებს.

თუ გვიწევს ქვებზე ან ასფალტზე სიარული, შეგვიძლია გამოვიყენოთ ჯოხის წვერზე დასამაგრებელი რბილი ძირი. ასე სიარულისას აღარ შეგვაწუხებს ჯოხის კაკუნი და მისი წვერიც ნაკლებად დაზიანდება.

სალაშქრო ხელჯოხის კალათები

მასალები

მასალა, რისგანაც დამზადებულია სალაშქრო ჯოხები, განაპირობებს მის მოხერხებულობას, წონას და გამძლეობას. ასე რომ, მათი შეძენისას ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

სახელური

კორპი: კარგია გაოფლილი ხელისთვის, ამცირებს ვიბრაციას და ერგება ჩვენი ხელის ფორმას. თუ ოფლიანობთ და აპირებთ ცხელ ამინდში სიარულს, ასეთი სალაშქრო ჯოხების ყიდვა საუკეთესო იქნება თქვენთვის.

ქაფი: აგრეთვე კარგია ოფლიანი ხელისთვის. ქაფით დამზადებული სახელური ყველაზე კომფორტულია, ნაკლებად აღიზიანებს ხელს. თუ დიდ მანძილზე სიარულს აპირებთ, ასეთი სახელურიც ძალიან კომფორტული იქნება.

რეზინი: ახდენს იზოლაციას სიცივისგან, ამცირებს ვიბრაციას, მაგრამ მარტივად აჩენს მაზოლებს და წყლულებს გაოფლილ ხელზე. ასე რომ, ასეთი ჯოხი კარგია ზამთარში, როცა ხელი არ გეოფლებათ და თან ხელთათმანი გაცვიათ.

ჯოხის ტანი

ალუმინი: ყველაზე პოპულარული, გამძლე და ბიუჯეტური ვარიანტი. დასაშვებზე მეტი დატვირთვისას შესაძლოა ჯოხი დეფორმირდეს, მაგრამ მისი გატეხვა თითქმის გამორიცხულია.

ნახშირბოჭკო (კარბონი): დაახლოებით სამჯერ მსუბუქია, ვიდრე ალუმინი, მაგრამ ფასი საკმაოდ მაღალი აქვს. არის ბევრად მტკიცე, ვიდრე ალუმინი, მაგრამ არ გამოირჩევა გამძლეობით, რადგან დიდი დატვირთვისას კარბონი შეიძლება გატყდეს ან გაიბზაროს. კარბონის ტანი ასევე ამცირებს ვიბრაციას და სიმსუბუქის გამო გამოსადეგია დიდ მანძილებზე სიარულისას.

წვერი

თითქმის ყველა ჯოხს აქვს რკინის ან მეტალის კარბიდის წვერი. ეს მასალები უზრუნველყოფენ კარგ მოჭირდებას ქვაზე, მიწაზე, თოვლში და ყინულზეც კი.

გამძლეობით ორივე თითქმის თანაბრად გამძლეა და ძალიან იშვიათად თუ ზიანდება. ჯოხებს მოყვება რეზინის დამცავი, რაც მათი ტრანსპორტირებისას და ასევე ასფალტზე სიარულისას შეგიძლიათ გამოიყენოთ.

სახელურის ხელგასაყარი

ხელის გასაყრელი ლენტი უმჯობესია თუ ნაზი მატერიალისგან იქნება დამზადებული, რათა დიდხნიანი გამოყენებისას კანი არ გაგვიღიზიანოს. ხშირად ამ დეტალს არასწორად იყენებენ, რაც ზრდის დატვირთვას ხელებზე. ფოტოზე ნაჩვენებია სწორი გამოყენება.

სალაშქრო ჯოხის სახელურის გამოყენება

გარდა ამისა, ზოგის აზრით ხელის გასაყრელების გამოყენება არ არის უსაფრთხო დაცემისას და თოვლში სიარულის/სრიალისას (თუ არის ზვავის საშიშროება).

საუკეთესო სალაშქრო ჯოხები

  • Black Diamond Distance FLZ Z-Poles - დასაკეცი (Z), ნახშირბოჭკო (კარბონი).
  • Black Diamond Expedition 3 - 3 სეგმენტიანი, SlickLock ჩამკეტით.
  • Black Diamond Trail Back - 3 სეგმენტიანი, FlickLock ჩამაკეტით.
  • LEKI Photo Carbon - 4 სეგმენტიანი, SpeedLock საკეტით, ნახშირბოჭკო (კარბონი).
  • Black Diamond Trail Pro Shock - 3 სეგმენტიანი, ანტიშოკი (ამორტიზაციით).
  • LEKI Khumbu - 3 სეგმენტიანი, ანიტშოკი (ამორტიზაციით).

სხვა გამოყენება

გარდა სიარულისას წონის გადანაწილებისა და წონასწორობაში დახმარებისა, ჯოხებს ბევრი სხვა გამოყენებაც აქვს.

  • მსუბუქი და ტენტის ტიპის კარვები უმეტესწილად სწორედ სალაშქრო ჯოხების მეშვეობით იშლება. (იხილეთ ფოტო).
  • თუ დასაჯდომი არსად არის, შეგვიძლია ჯოხებზე ჩამოყრდნობილმა შევისვენოთ.
  • სიარულის დროს შეგვიძლია ჯოხით ავირიდოთ ჭინჭარი და სხვა მსუსხავი ან ეკლიანი ბალახი.
  • ზოგიერთ შემთხვევაში გვეხმარება ცხოველისგან თავდაცვაში.
  • შეგვიძლია სპორტული კამერის სამაგრი დავუმაგროთ და სელფი სტიკიც მზადაა.

შენახვა / მოვლა

სალაშქრო ჯოხებს თავისი შენახვის წესი აქვს და საჭიროებს მოვლას. გასვლებიდან დაბრუნების მერე, ჯობს თუ ჯოხებს გავწმენდთ ჭუჭყისგან და კარგად გავაშრობთ. ხანგრძლივი პერიოდით შენახვისას, ჯობს თუ ბერკეტის ტიპის ჩამკეტებს გახსნილს დავტოვებთ.

Weekends be like 👌 #metaoutdoor 📷 by @khatialikokeli
-
#outdoors #getoutdoors #outdoorlife #livelife #getoutside #thisworldexists #hotel #hotels #kazbegi #rooms... 60 3
November snow in Kazbegi ❄️ Photo by @dianamakalatia 📷
-
#metaoutdoor #snow #winter #snowfall #wintersports #ski #snowboard #kazbegi #georgia #exploregeorgia #g... 54 1
Great shot by @wildhorngeorgia ❤️ Tusheti, Georgia
.
#wildhorn #wildhorngeorgia #georgia #tusheti #sulfur #sulfurbath #metaoutdoor #adventure #getoutdoors #outd... 33 1
Real photo, real house, it’s @cloudbase_hut in Svaneti, Georgia. 2300 mAsl 🏔
📷 @nanophaliani 
#hut #mountains #cabin #cabinlife #cabbinlife #cabbininthewoods #c... 36 0