[x]

ძიება

როგორ შევარჩიოთ გამაშები

გამაშები აუცილებელია თოვლში სიარულისას. გარდა თოვლისა, გვიცავს ფეხსაცმელში მიწის, კენჭების და წყლის მოხვედრისგანაც. ასევე გვხვდება საზაფხულო გამაშებიც და გამოიყენება ბევრს სხვადასხვა აქტივობაში.

გამაშების ყიდვას ეს სტატია გაგიადვილებთ. დეტალურად განვიხილავთ, რაც შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ.

ბოლო განახლება · 3 წუთის წასაკითხი

გამაშები

გამაში (ფრანგულიდან შემოსული: Gamache, ძველქართულად პაჭიჭი, წვივსაფარი) გვიცავს ფეხსაცმელში მიწის, კენჭების, წყლის და თოვლის მოხვედრისგან. ხშირ შემთხვევაში აქვს დათბილვა და სხვა დამატებითი თვისებები. გამაშები პირველ რიგში თოვლში სიარულთან ასოცირდება, თუმცა გარდა ლაშქრობისა და მთამსველობისა, გამაშებს არაერთი სხვა დანიშნულებაც აქვთ:

სალაშქრო გამაშები

სალაშქრო გამაშები ორად იყოფა - მსუბუქი (საზაფხულო) და აქტიური (თოვლის).

საზაფხულო გამაშები არის დაბალი, კარგად ატარებს ჰაერს. ფარავს მხოლოდ კოჭებს და იცავს ფეხსაცმელში კენჭების და მიწის ჩაყრისგან.

აქტიური სალაშქრო გამაშები არის უფრო მაღალი, ნახევრად ფარავს წვივებს (იშვიათად მუხლებამდეც). დამზადებულია უფრო გამძლე მასალებისგან და არ ატარებს წყალს და თოვლს. ასეთი გამაშები ხშირ შემთხვევაში გამოდგება მთამსვლელობისთვის და ყინულზე ცოცვისთვისაც.

მთამსვლელობა

მთამსვლელობის (ალპინისტური) გამაშები არის ყველაზე გამძლე ვარიანტი. გათვლილია მკაცრ გარემო-პირობებზე. მასალა არის თოვლს და წყალგაუმტარი, მაგრამ ამავდროულად ატარებს ჰაერს. ხარისხიან გამაშებს კოჭებთან აქვთ დამატებითი დამცავი ფენა, რაც კარგად იცავს ცვეთისგან.

სამთამსვლელო გამაშის ცალკე კატეგორიაა საექსპედიციო გამაში. საექსპედიციო ვერსიებს აქვთ შიდა დათბილვა და თბოიზოლაცია, რაც ძალიან კომფორტულია ყინვაში დიდხნიანი სიარულის დროს. ასევე არის უფრო განიერი, რაც იძლევა ბევრად თბილი და დიდი შარვლის ჩაცმის საშუალებას.

ყინულზე ცოცვა

ყინულზე საცოცი გამაშები ჰგავს სამთამსვლელოს, თუმცა არის ძალიან მსუბუქი. არის წყალგაუმტარი და გვიცავს ყინულის ნატეხების და გამდნარი წყლის მოხვედრისგან. გამძლეობის მხრივ გათვლილია უხეშ გამოყენებაზე და წრიაპის ბასრი წვეტების მოხვედრაზეც.

სირბილი

სირბილისას ფეხსაცმელში კენჭის მოხვედრა ყველაზე არასასიამოვნო რამეა. ამისგან სარბენი გამაშები გვიცავს, რომლებიც მსუბუქი და კომპაქტურია. ფარავს მხოლოდ კოჭებს და არაა გათვლილი წყლის მოხვედრაზე. სარბენი გამაშების უმეტესობა ელასტიური მასალისგანაა დამზადებული, რაც სირბილისას არ ქმნის დისკომფორტს.

საუკეთესო გამაშები

სხვა დეტალები

მასალა
წყალგამძლეობა, ჰაერის გამტარობა, გამძლეობა

ნაჭერი რისგანაც არის დამზადებული გამაში, განსაზღვრავს მის თვისებებს. მასალას აქვს ორი მთავარი თვისება წყალგაუმტარიობა და ჰაერის გამტარობა (სუნთქვა). თუ გამაში არის წყალგაუმტარი, მაგრამ არ "სუნთქავს", ეს წარმოშობს ორთქლს და ჩახუთულობას ფეხებში, რაც ძალაინ არასასიამოვნოა და ხელს უწყობს სიარულისას წყლულების და მაზოლების გაჩენას.

აქვე წასაკითხი: დეტალურად წყალგამძლეობის შესახებ.

გამძლეობაც ასევე მასალაზეა დამოკიდებული. ხარისხიან გამაშებს კოჭების დონეზე აქვს დამატებითი გამძლე ფენა, რომელიც ამცირებს სიარულისას ფეხების ხახუნით გამოწვეულ ცვეთას. ასევე იცავს ქვებისგან, ეკლებისგან და წრიაპის წვეტებისგანაც.

იშვიათად, ზოგიერთ მოდელს აქვს მწერების საწინააღმდეგო თვისებაც. ზაფხულში, განსაკუთრებით კი სველ ბალახში სიარულისას, ბევრ მავნე მწერს და ტკიპას ვაწყდებით. ასეთი გამაშებით ეს პრობლემა ნაკლებად გვაწუხებს.

შესაკრავები

  1. მთავარი შესაკრავი

    გამაშების უმეტესობას აქვს ვერტიკალური მთავარი შესაკრავი, რომელიც იკვრება ელვა-შესაკრავით (ე.წ. "ზმეიკა") და თოვლის ასარიდებლად დამატებით აქვს გადმოსაფარებელი "ფხრიწიანი" შესაკრავიც.

  2. ზედა მოსაჭერი

    ზოგ მოდელს აქვს ელასტიური, რეზინიანი ზედა მხარე, რითაც გამაში ჩერდება ფეხზე. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში გვაქვს რეგულირებადი თასმები ან ქამრისებრი შესაკრავიც.

  3. სატერფული

    სატერფული უზრუნველყოფს იმას, რომ სიარულისას გამაში დარჩეს საკუთარ ადგილას და არ აიწიოს ზემოთ. სატერფული უმეტესად რეგულირებადი ზომისაა, თუმცა გვხვდება ფიქსირებული ვარიანტებიც.

  4. თასმების სამაგრი

    ეს დეტალი გამაშების უმეტესობას აქვს. ამ პატარა კაუჭით გამაშის წინა ნაწილი მაგრდება ფეხსაცმლის თასმებზე, რაც დამატებითი დაცვაა ქვემოდან თოვლის, მიწის ან კენჭების მოხვედრისგან.