[x]

ძიება

როგორ შევარჩიოთ კარავი

კარავი პირველია, რაც ღია ცის ქვეშ დარჩენისთვის საჭირო ნივთების სიიდან გვახსენდება. კარვის დიზაინის და ფუნქციური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, რთულია მისი სწორედ შერჩევა და ყიდვა.

ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ ყველა სახის კარავს და მათ დანიშნულებებს.

ბოლო განახლება · 9 წუთის წასაკითხი

კარავი

კარვის ტიპები და დანიშნულება

დანიშნულების მიხედვით კარვები საკმაოდ ბევრ ტიპად იყოფა. ყველას აქვს თავისი მინუსი და პლიუსი, რასაც დეტალურად განვიხილავთ ამ სტატიაში.

სალაშქრო კარავი

სალაშქრო კარავი არის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ტიპის კარავი. არ არის მძიმე, არც სიძვირით გამოირჩევა და გამძლეობაც საკმაოდ კარგი აქვს. ძირითადად გვხვდება 2 ან 3 ადგილიანი ვარიანტები. ამ ტიპის კარვები მოხერხებულია ბევრ სიტუაციაში. დაწყებული მანქანით მოგზაურობიდან, დამთავრებული მრავალდღიანი საფეხმავლო ლაშქრობით. სეზონური კლასიფიკაციით სალაშქრო კარვების უმეტესობა არის სამ სეზონიანი. სალაშქრო კარვები საკმაოდ მრავალფეროვანია ფუნქციურად, დიზაინის, მატერიის და ტევადობის თვალსაზრისითაც.

მოკლედ რომ ვთქვათ, ესაა ის კარავი, რაც თქვენ გჭირდებათ, თუ გადაწყვეტილი გაქვთ ლაშქრობა და ფეხით ბევრი სიარული.

საუკეთესო სალაშქრო კარვები

ტურისტული კარავი

ტურისტულ და სალაშქრო კარვებს საკმაოდ ბევრი აქვთ საერთო, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებაა ხარისხში. ტურისტული კარავი გათვლილია იშვიათ და მსუბუქ გამოყენებაზე, ძირითადად დასასვენებლად, რეკრეაციული მიზნებისთვის. არის შედარებით ნაკლებად გამძლე და ფასიც შესაბამისი აქვს. მის სიიაფეს განაპირობებს მასალა, რითიც დამზადებულია ჯოხები, სოლები (პალოები) და სხვა ნაწილები, მათ შორის საწვიმარი ფენაც. ამას პირველ რიგში ვატყობთ, როცა კარვის შესაკრავები გამოდის მწყობრიდან და საწვიმარი ფენა იწყებს წყლის გატარებას. სამაგიეროდ პლიუსად შეგვიძლია ჩავთვალოთ შიდა სივრცე და სიმაღლის მხრივაც კარავში ფეხზე დადგომაც პრობლემას არ წარმოადგენს.

საბოლოო ჯამში, ტურისტულ-რეკრეაციული ტიპის კარავი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს დაზოგოს თანხა და გამოიყენოს კარავი კემპინგისთვის. უმეტესად მანქანით მოგზაურობისას, რადგან მსგავსი კარვები ნამდვილად არ გამოირჩევა სიმსუბუქით.

საუკეთესო ტურისტული კარვები

მსუბუქი კარვები

მსუბუქი კარვის მთავარი უპირატესობა არის წონა. მის სიმსუბუქეს განაპირობებს ბევრად დახვეწილი და მაღალტექნოლოგიური მატერიები, რითაც მზადდება კარავი. შესაბამისად ფასიც არის საკმაოდ მაღალი. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ასეთი თხელი და მსუბუქი მატერია შედარებით ნაკლებად გამძლეც იქნება.

ასეთი ტიპის კარავი უნდა შეიძინოთ მხოლოდ მაშინ, თუ იცით რომ თქვენთვის ყოველი ზედმეტი გრამი გადამწყვეტია და სიმსუბუქის გამო თანახმა ხართ გადაიხადოთ მეტი და დათმოთ ცოტაოდენი კომფორტიც.

საუკეთესო მსუბუქი კარვები

საექსპედიციო კარვები

საექსპედიციო კარავი არის სალაშქრო კარვის უფრო მძლავრი და მასიური ვარიანტი. ძირითადად გამოყენებულია უფრო სქელი და გამძლე მასალები, აქვს უფრო მეტი ჯოხი და დამატებითი სამაგრი თოკები, რაც უზრუნველყოფს გამძლეობას და სტაბილურობას უამინდობის დროს. ძლიერი ქარის დროსაც კარავი ბევრად მდგრადია, ვიდრე სხვა ტიპის ალტერნატივები. წყალგამძლეობაზე და თბოიზოლაციაზე შეგიძლიათ არც იდარდოთ, რადგან საექსპედიციო კარვები, როგორც წესი, 4 სეზონიანებია.

დამატებითი კომფორტია დიდი ვესტიბული, რაც მოხერხებულია საჭმლის მომზადებისთვის ან აღჭურვილობის შესანახად.

ასეთი კარავი საუკეთესოა მთამსვლელობისთვის, ალპინიზმისთვის, სკიტურისთვის და სხვა მსგავსი აქტივობებისთვის.

საუკეთესო საექსპედიციო კარვები

საოჯახო კარავი

საოჯახო კარავი ძირთადად არის 5 და მეტი ადამიანის ტევადობის კარავი, რომლის მთავარი პლიუსებია ფეხზე დასადგომი ადგილი (სიმაღლე), საკმაო სივრცე, კარგი ვენტილაცია და კომფორტი.

საოჯახო ტიპის კარავი განკუთვნილია მათთვის, ვისაც მეუღლესთან და შვილებთან ერთად ოჯახურად დროის გატარება უნდა და უყვარს დამატებითი კომფორტის ნივთები, როგორიცაა გასაბერი ლეიბები, გასაშლელი სკამები და ა.შ.

საუკეთესო საოჯახო კარვები

ბივუაკის ტიპის კარავი

ბივუაკი, იგივე "ბივი", მარტივად რომ ვთქვათ, არის წყალგაუმტარი საფარი საძილე ტომრისთვის. თუმცა, არსებობს უფრო დახვეწილი ვარიანტებიც. ზოგიერთ ბივუაკს აქვს ასევე ჯოხი, რომელიც მეტ სივრცეს ქმნის საძილე ტომრის თავთან. გვხვდება ასევე დამატებითი საფარიც მცერებისგან თავის დასაცავად.

ბივი არის კარგი გამოსავალი ისეთ შემთხვევაში, როცა თან სატარებელი ბარგის წონა მინიმუმამდე გვინდა დავიყვანოთ, და ამავდროულად საკარვე ადგილი არის მეტნაკლებად დაცული ცხოველებისგან. ასეთ კარვებს უმეტესად იყენებენ ალპინისტები.

ჰამაკი

ჰამაკები უმეტესობისთვის დღის მზიან პერიოდში განტვირთვასთან ასოცირდება, მაგრამ ხშირად ღამისთევისთვისაც გამოიყენება. თუ ის ადგილი, სადაც დარჩენას აპირებთ, არის მზიანი, უნალექო და უსაფრთხო, თამამად შეგიძლიათ საძილე ტომარა ჰამაკში ჩადოთ და მშვიდ ძილს მიეცეთ. ჰამაკის საძილედ გამოყენებისას რეკომენდებულია მწერებისგან დამცავი ბადის გამოყენება.

ვრცლად: როგორ შევარჩიოთ ჰამაკი.

ჰამაკის, ისევე როგორც ბივუაკის გამოყენების პლიუსები და მინუსები მსგავსია. არის მსუბუქი, კომფორტული და იკავებს ცოტა ადგილს.

რა უნდა გავითვალისწინოთ

ტევადობა

უმეტეს შემთხვევაში ორ ან სამ კაციანი კარავი დაგჭირდებათ. უფრო მეტი ტევადობის კარვის გამოყენება რეკომენდებულია ავტომობილით კემპინგისას, რადგან ხუთ კაციანი კარავი იქნება რომელიმე ერთი ადამიანის სატარებელი. ორი ცალი (ორკაციანი და სამკაციანი) კარვის შემთხვევაში კი სატარებელი წონა შედარებით თანაბრად გადანაწილდება.

გარდა ამისა, რაც უფრო დიდია კარავი, მით უფრო რთული გასაშლელია და ძნელია სწორი საკარვე ზედაპირის მოძებნა.

აქვე წასაკითხი: როგორ შევარჩიოთ კარგი საკარვე ადგილი

სეზონურობა

კარვები სეზონურობის მიხედვით იყოფა ორ კატეგორიად — სამ სეზონიანი და ოთხ სეზონიანი. ამ პარამეტრით იზომება კარვის ტემპერატურული თავსებადობა.

3 სეზონიანი კარავი გამოგადგებათ ყველა დროს, გარდა ზამთრისა. ასეთ კარავს აქვს უფრო მეტი ბადე და კედლებიც შედარებით თხელია. უდიდესი უპირატესობაა, რომ ზაფხულის მოწმენდილი ცის ქვეშ, შეგიძლიათ საწვიმარი ტენტი მოხსნათ და წამოწოლილი დატკბეთ ვარსკვლავების ლამაზი ხედით.

4 სეზონიანი კარავი თავისთავად არის უფრო თბილი. აქვს სქელი კედლები და ბადეები მინიმუმამდეა დაყვანილი. ასეთი კარავი შეგიძლიათ თამამად გაშალოთ თოვლში და ქარბუქში.

წყალგამძლეობა

წვიმაში და უამინდობაში მნიშვნელოვანია, რომ კარავმა წყალი არ გაატაროს. წყალგამძლეობის პარამეტრები ცალკეა კარვის ძირისთვის და ზედა ტენტისთვის.

წყალგამძლეობა იზომება მმ (mmH2O) ერთეულში. მაგალითისთვის, 1500 mmH2O წყალგაუმტარობა ნიშნავს, რომ მასალა უძლებს 1500 მმ წყალს. ამის შემდეგ კი უკვე იწყებს გაჟონვას. მეტი თვალსაჩინოებისთვის, 1500 მმ იგივეა, რაც 0.15 ბარი (2.18 PSI). საშუალოდ საწვიმარი ფენისთვის კარგია 1500+ მმ წყალგამძლეობა, ხოლო კარვის ძირისთვის 3000 მმ.

აქვე წასაკითხი: დეტალურად წყალგამძლეობის შესახებ.

ყურადღება უნდა მივაქციოთ ნაკერების ადგილს. უმეტეს შემთხვევაში წყალი გაჟონვას სწორედ ამ ადგილებიდან იწყებს. ნაკერები (და უკეთეს შემთხვევაში ელვა შესაკრავებიც) დაფარული უნდა იყოს წყალგაუმტარი მასალით, როგორიცაა სილიკონი, პოლიურეთანი და სხვა.

მატერია / წონა / ფასი

მასალა, ფასი, წონა

ეს სამივე კომპონენტი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. იაფი ვარიანტები, როგორიცაა ტურისტული და საოჯახო კარვები, არის შედარებით მძიმე და უხარისხო. ულტრა-მსუბუქი და საექსპედიცო კარვები კი ხარისხიანი და ძვირია. ასე გარკვევით იგივეს ვერ ვიტყვით სალაშქრო კარვებზე.

ფასსაც და წონასაც განაპირობებს მასალა და ხარისხი, განვიხილოთ დეტალურად.

კარვის კედლები

პოლიურეთანით დაფარული პოლიესტერი - ყველაზე იაფი და მძიმე ვარიანტი. პოლიესტერი არის გამძლე, თუმცა წყალგაუმტარი ფენა მალე დაზიანდება და აძვრება ნაწილებად. ამ მასალისაა უმეტესი ტურისტული, საოჯახო და დაბალი ხარისხის სალაშქრო კარვები.

სილიკონით დაფარული ნეილონი - ნეილონი არის ბევრად მსუბუქი და გამძლე. ეს მასალა გვხვდება უმეტესად საექსპედიციო, ულტრამსუბუქ და მაღალი ხარისხის სალაშქრო ჩანთებში.

მასალა იზომება დენირის (D) ერთეულებში. მაგალითად ულტრამსუბუქი კარვები არის 10D, ხოლო საშუალო სალაშქრო კარავი დაახლოებით 70D. რაც უფრო დიდია ეს რიცხვი, მით უფრო გამძლე და მძიმეა მასალა.

ჯოხები

ჯოხები გვხვდება სხვადასხვა ხარისხის, ფორმის და სისქის ალუმინისგან დამზადებული. იშვიათ შემთხვევებში არის მინაბოჭკოვანი ჯოხებიც, რომელიც არის ძალიან სუსტი და რამდენიმე ხმარებაში ტყდება.

ხარისხიანი ჯოხების წარმოებით გამოირჩევა კომპანია DAC (Dongah Aluminum Corp.), რომლის ჯოხებიც გვხვდება ყველაზე ცნობილი ბრენდების კარვებში. ხშირად ვნახავთ DAC-ის 6000 სერიის, ან უფრო გამძლე, 7000 სერიის ალუმინს.

საბოლოო ჯამში, ჯობს გადავიხადოთ მეტი და გვქონდეს ცნობილი ბრენდის ხარისხიანი პროდუქცია, ვიდრე დავზოგოთ ფული და იაფი პროდუქციის ბევრჯერ ყიდვაში ჯამში იმაზე მეტი გადავყაროთ, რაც თავიდანვე კარგი კარვის ყიდვა დაგვიჯდებოდა (რომ აღარაფერი ვთქვათ უხარისხო ნივთით შექმნილ პრობლემებზე).

დიზაინი და მოხერხებულობა

ერთმაგი და ორმაგი კედლები

კარვების უმეტესობა ორ კედლიანია, რაც ნიშნავ იმას, რომ ძირითადი კორპუსის გარდა, მოყვება გარე საწვიმარი ტენტი. ორმაგი კედელი ცუდია იმით, რომ არის დამატებითი წონა, მაგრამ მოხერხებულია იმით, რომ შეგვიძლია ზაფხულში უნალექო ამინდში მოვხსნათ წყალგაუმტარი ფენა და მხოლოდ შიდა ნაწილი დავტოვოთ.

ცალკედლიანი ვარიანტები იყოფა ორად: ძალიან ცუდი და ძალიან კარგი. ძალიან ცუდი ვარიანტები არის იაფი და უხარისხო კარვები, რომლებსაც უბრალოდ არ აქვს საწვიმარი ფენა და წვიმის დროს კარავშიც და მის გარეთაც ერთნაირად წვიმს. ხარისხიანი ცალკედლიანი კარვები კი არის საკმაოდ ძვირი, რადგან ერთ ფენაში გაერთიანებულია როგორც შიდა, ასევე გარე წყალგაუმტარი კედლის ფუნქცია.

მაქსიმალური შიდა სიმაღლე და კორპუსის ფორმა

ესაა სიმაღლე კარვის ყველაზე მაღალ წერტილში. შიდა სიმაღლე მნიშვნელოვანია მოხერხებულობის თვალსაზრისით. მაღალ კარავში უფრო კომფორტულია ჯდომა, დგომა ან რაიმე საქმის კეთება.

სიმაღლესთან ერთად გასათვალისწინებელია კარვის ფორმაც, რადგან კარვის ერთ წერტილში სიმაღლე (სამკუთხა კარავი) არაფერს მოგვცემს. ჯობს მაღალი და ნაკლებად დახრილი კედლების ხარჯზე შედარებით თანადბრად დაგანაწილებული სიმაღლე (ტრაპეციის ფორმის კარავი).

სხვა მახასიათებლები

  1. კარვის სათავსო ვესტიბული
  2. კარვის ვენტილაცია
  3. კარვის კარები
  4. ელვა შესაკრავები
  5. სოლები
  6. კარვის თოკები
  7. ჯოხის სამაგრები, ჰაბი
  8. შიდა ჯიბეები
  9. კარვის იატაკი, ქვესაგები ფენა

ფოტოების ავტორი Greg Maino, Max Neale

  1. კარვის სათავსო ვესტიბული

    მოხერხებულია ნივთების გარეთ შესანახად. ასევე საჭმლის მოსამზადებლადაც (განსაკუთრებული სიფრთხილით). ვესტიბულები აგრეთვე იყიდება ცალკე კომპონენტადაც, რომელიც გარედან ემაგრება კარავს და ქმნის დამატებით სივრცეს.

  2. კარვის ვენტილაცია

    აუცილებელია წლის ნებისმიერ დროს. სიცხეშიც და სიცივეშიც კარავში ჰაერი ნესტიანდება და საჭიროებს განიავებას. რეგულირებადი სავენტილაციო ჭრილები კი უზრუნველყოფს ამას და დილით ჩაორთქლილ კარავში არ ვიღვიძებთ.

  3. კარვის კარები

    არის მრავალი ფორმის. საუკეთესო შემთხვევაში ორი კარიდან ერთი არის სტანდარტული D ფორმის და მეორე სრული ოვალური. ცხადია ორი (ან მეტი) კარი ძალიან მოხერხებულია, თუმცა ცალკარიანი კარვის ყიდვით შეგვიძლია დავზოგოთ თანხა კომფორტის ხარჯზე.

  4. ელვა შესაკრავები

    ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია. უხარისხო შესაკრავის წყალობით შეიძლება კარღია კარავში მოგიწიოთ დაძინება და მწერებიც მარტო არ დაგტოვებენ. ისევე როგორც ჯოხებში DAC, შესაკრავებში ლიდერობს იაპონური კომპანია YKK, რომელიც აწარმოებს ხარისხიან და გამძლე ე.წ. "ზმეიკებს". YKK-ის პროდუქციას იყენებს The North Face, Marmot, MSR და ა.შ.

  5. სოლები

    სოლები კარვის ჯამური წონის საკმაო წილს შეადგენენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სოლები იყოს მსუბუქი და ამავდროულად გამძლე. უმეტეს უხარისხო კარვებს მოყვებათ უბრალო ალუმინის სოლები, რომლების მიწაში რთულად ერჭობა და მარტივად იღუნება. ქვიან ან კლდოვან ზედაპირზე კარვის გაშლისას ასეთი სოლები დიდ პრობლემას შექმნის. როგორც წესი, კარვის ყველა შემადგენელი ნაწილი ერთნაირი ხარისხისაა. ასე რომ, თუ კარვის მატერია, ჯოხები და სხვა დეტალები ხარისხიანია, სოლებიც შესაბამისი იქნება.

  6. კარვის თოკები

    კარვის თოკების გამოყენება იშვიათად არის საჭირო. თუ ძლიერი ქარი და უამინდობა არ არის, არამარტო თოკების, არამედ სოლების გარეშეც თავისუფლად შეიძლება დაბანაკება. ქარის დროს კი თოკები საუკეთესო გზაა კარვის სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

  7. ჯოხის სამაგრები, ჰაბი

    ყველაზე ცუდი, რაც კარვის გაშლისას შეიძლება შეგვხვდეს, არის ჯოხების გატარება კარვის მატერიაში. ეს მხოლოდ ძველ და უხარისხო კარვებში გვხვდება. შედარებით ნორმალურ კარვებს აქვთ კაუჭისებრი სამაგრები, რომლებიც ძალიან მარტივად და სწრაფად მაგრდება ჯოხებზე.

    ასევე მოხერხებულია ჯოხების დამაკავშირებელი შუა ჰაბი, რომელიც მეტ სტაბილურობას სძენს კონსტრუქციას და კარვის გაშლისასაც ბევრ დროს გვაზოგინებს.

  8. შიდა ჯიბეები

    დამატებითი (აუცილებელი) კომფორტია ინტერიერის ჯიბეები. მობილური ტელეფონი, თავფანარი და მსგავსი ნივთები, რომლების გვჭირდება რომ მარტივად ხელმისაწვდომ ადგილას იყოს, სწორად ამ ჯიბეებში იდება. ასევე კარგია, თუ კარავს ექნება ზედა გამჭვირვალე ჯიბე თავფანრის ჩასადებად. ამ გამჭვირვალე ჯიბეში ჩართული თავფანრის ჩადებით მარტივად ვიღებთ კარვის სრულფასოვან განათებას.

  9. კარვის იატაკი, ქვესაგები ფენა

    კარვის ძირი განსხვავდება ფორმით. უმეტესობა არის კვადრატის ფორმის. იშვიათად გვხვდება წაგრძელებული ტრაპეციის ფორმის ძირიანი კარვებიც, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ თავთან გვქონდეს შედარებით მეტი სივრცე.

    ხარისხიანი და კარგი ბრენდის კარვებს მოყვება ქვესაგები ფენა, რომელსაც უშუალოდ კარვის ქვეშ ვაფენთ. ეს უზრუნველყოფს დამატებით დაცვას სისველისგან და იცავს ძირს დაზიანებისგან.


კომენტარების ნახვა
დაწერე კომენტარი