[x]

ძიება

როგორ შევარჩიოთ ჰამაკი

ჰამაკი ყველასთვის საყვარელი ნივთია როგორც ლაშქრობისას, ასევე შაბათ-კვირას პარკში გასეირნებისას.

ჰამაკის ყიდვა ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უნდა გავითვალისწინოთ მისი შერჩევისას. ამ სტატიაში ყველაფერს დეტალურად განვიხილავთ.

ბოლო განახლება · 3 წუთის წასაკითხი

ჰამაკი

ჰამაკები უმეტესობისთვის დღის მზიან პერიოდში განტვირთვასთან ასოცირდება, მაგრამ ხშირად კარვის ალტერნატივადაც გამოიყენება. თუ ის ადგილი, სადაც დარჩენას აპირებთ, არის მზიანი, უნალექო და უსაფრთხო, თამამად შეგიძლიათ საძილე ტომარა ჰამაკში ჩადოთ და მშვიდ ძილს მიეცეთ.

ტიპები

ჰამაკები ძირითადად ერთი პრინციპითაა შექმნილი და განსხვავებები ერთი შეხედვით რთული შესამჩნევია. მიუხედავად ამისა, ჰამაკებს მაინც ყოფენ რამდენიმე ძირითად კატეგორიად. ეს კატეგორიზაცია ძირითადად მასალების და დანიშნულების მიხედვით ხდება.

სალაშქრო ჰამაკები

ეს ჰამაკების ყველაზე გავრცელებული კატეგორიაა. არჩევანიც საკმაოდ დიდი და ნაირფერია, ამიტომ უნდა ვიცოდეთ უხარისხო და ხარისხიანი ჰამაკების გარჩევა.

სალაშქრო ჰამაკები გვხვდება მსუბუქი და საშუალო წონისაც, რაც ადვილია სიარულისას თან სატარებლად. არის ერთ და ორ კაციანი ვარიანტებიც, იკეცება კომპაქტურად და იკავებს პატარა ადგილს.

საექსპედიციო

საექსპედიციო ჰამაკი ფუნქციურადაც და ყველა სხვა მახასიათებლითაც არის იგივე სალაშქრო ჰამაკი. განსხვავდება მხოლოდ წონით, გამძლეობით და კომფორტით.

საექსპედიციო ჰამაკები გათვლილია უფრო მეტ დატვირთვაზე და გამოყენებულია უფრო გამძლე მასალები. ზოგიერთ შემთხვევაში იწონის შედარებით მეტს, რადგან დამატებული აქვს ბევრი დეტალი, თოკები, სამაგრები. დიზაინი გათვლილია მეტ კომფორტზე.

ნაჭრის ჰამაკები

ნაჭრის, თოკით ნაქსოვი და ორ ხის ძელს შორის მოწნული ჰამაკები არ განიხილება თან სატარებელ ვარიანტად. არაკომფორტულია, მძიმეა და იკავებს დიდ ადგილს.

ასეთი ჰამაკი შეგიძლიათ იყიდოთ აგარაკისთვის, ეზოში ან ვერანდაზე დასაკიდად.

ზომა და წონა

ჰამაკები გვხვდება ერთკაციანი (Single) და ორკაციანი (Double). ორკაციანი ჰამაკები არის გათვლილი მეტ წონაზე და არის უფრო განიერი.

საექსპედიციო ჰამაკები იწონიან მეტს, რადგან უმეტესად მათ მოყვება საწვიმარი ფენა, დამატებითი თოკები და სხვა ატრიბუტები. ასევე წონას განაპირობებს მასალები, რისგანაც დამზადებულია ჰამაკი.

მასალა

ჰამაკის მასალები რამდენიმე ძირითადი სახეობისაა. უმეტესად გვხვდება ნეილონის ან პოლიესტერის ჰამაკები. ამ მხრივ ჰამაკის შერჩევა ხდება კარვის მასალების შერჩევის მსგავსად.

  • პოლიესტერი

    პოლიესტერი გამოირჩევა გამძლეობით. ასევე, ნეილონისგან განსხვავებით, არ იწელება და კარგად უძლებს სისველეს.

  • ნეილონი

    ნეილონი არის მსუბუქი, მაგრამ პოლიესტერთან შედარებით ნაკლებად გამძლეა. ნეილონის ახასიათებს დასველებისას გაჟღინთვა და განიცდის დეფორმაციას (იწელება).

კარვების მსგავსად, ჰამაკის მატერიასაც აფასებენ დენირის (D) ერთეულებით. მაგალითად Therm-a-Rest-ის Slacker ჰამაკი არის 20D პოლიესტერი. რაც უფრო დიდია ეს რიცხვი, მით უფრო გამძლე და მძიმეა მასალა.

საკიდები

საკიდები უმეტეს შემთხვევაში ცალკე იყიდება. ეს სამაგრები რამდენიმე სხვადასხვა ტიპისაა, თუმცა ძირითადი პრინციპი ერთი და იგივეა. ყველაზე კომფორტული და მარტივად გამოსაყენებელი არის შედეგი ორნაირი სამაგრი:

  1. დანაყოფებიანი

    საკიდებს ყულფით ვამაგრებთ ხეზე. თოკების სიგრძეს განვსაზღვრავთ ჰამაკის კარაბინით დამაგრების დროს, თოკზე არსებული დანაყოფებით.

  2. რეგულირებადი

    ასევე ყულფით ვამაგრებთ ხეზე. ვაბამთ ჰამაკს კარაბინებით და უკვე ამის შემდეგ ვარეგულირებთ თოკებს ჩვენთვის სასურველ ზომაზე.

ჰამაკის დამაგრებას დიდი შრომა არ უნდა და 1-2 წუთის საქმეა. აქვე შეგიძლიათ იხილოთ Therm-a-rest-ის ვიდეო ინსტრუქცია მისი გამოყენების შესახებ.

სხვა ატრიბუტები

  1. მწერების ბადე

    გიცავთ მწერებისგან და ხოჭოებისგან. გამოსადეგია ღამისთევისთვის. ასევე მდინარესთან ან ტბასთან ახლოს, სადაც ბევრი მწერია.

  2. ჰამაკის საწვიმარი

    ღამისთევისთვის აუცილებელი ატრიბუტი. დაგიცავთ წვიმისგან ისევე, როგორც კარავი.

  3. ქვესაგები ტომარა

    ჰამაკის ქვეშ ჰაერი ქარის გარეშეც მოძრაობს, ამიტომ ღამით ტემპერატურის შესანარჩუნებლად აუცილებელია ქვესაგები საბანი.

ჰამაკის ზემოჩამოთვლილი დამატებითი აღჭურვილობა საექსპედიციო ჰამაკების უმეტესობას მოყვება, მაგრამ სხვა ხშირ შემთხვევაში ცალკე იყიდება.

რჩევები

ზემოთ ჩამოთვლილი დამატებითი ატრიბუტების გარდა, ღამით დასაძინებლად ჰამაკში გამოიყენეთ საძილე ტომარა და ქვეშ ჩაუფინეთ ქვესაგები (პარალონი).

ჰამაკი დაჭიმეთ ისე, რომ სამაგრი თოკები იყოს 30°-ით დახრილი.

ასევე რეკომენდებულია ჰამაკში არა სიგრძეზე ან სიგანეზე, არამედ ოდნავ დიაგონალზე წოლა. ასე წელი უფრო ბუნებივ პოზიციაშია და გაცილებით კომფორტულია.