[x]

ძიება

როგორ შევარჩიოთ კარგი საკარვე ადგილი

კარგი საკარვე ადგილი პირველ რიგში ლამაზ ხედთან ასოცირდება. ხედის შერჩევამდე, ჯობს თუ რჩევებს და უსაფრთხოების წესებს გადავხედავთ. ამ სტატიაში მოკლედ არის აღწერილი, როგორ ვიპოვოთ კარგი ადგილი კარვისთვის.

ბოლო განახლება · 2 წუთის წასაკითხი

სანამ გაემგზავრებით

გამგზავრებამდე მოიძიეთ ინფორმაცია სპეციალურად გამოყოფილი საკარვე ადგილების შესახებ. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებსაიტზე, აგრეთვე ძალიან გამოსადეგი ინფორმაცია მოიპოვება Caucasus Trekking-ზე. ასევე შეგიძლიათ უბრალოდ შეეკითხოთ გამოცდილ მეგობრებს.

რა უნდა გავითვალისწინოთ

წყალი

ლამაზი ხედი კარგია, მაგრამ წყალი უფრო საჭიროა. საკარვე ადგილი ჯობს შევარჩიოთ სასმელ წყალთან ზომიერად ახლოს, მაგრამ არა უშუალოდ წყლის პირას.

არ გაშალოთ კარავი მდინარესთან ახლოს. წვიმის დროს მდინარე ისე სწრაფად შეიძლება ადიდდეს, რომ კარვიდან ნივთების გამოტანაც ვერ მოასწროთ. შესაძლოა არც წვიმდეს, უბრალოდ სადმე მეწყერმა კალაპოტი ჩაკეტოს და დაგუბებული მდინარე ერთიანად მოვარდეს. დაიცავით მინიმუმ 60 მეტრიანი დისტანცია მდინარის ნაპირიდან.

ტბის ნაპირას კემპინგისას გაითვალისწინეთ მწერების ფაქტორიც. იქონიეთ კოღოების საწინააღმდეგო სპრეი. ასევე შეიძლება წყლის დასალევად დაუპატიჟებელი ოთხფეხა სტუმრები გეწვიონ.

მზე / ჩრდილი

ზამთარში და ცივ ამინდში მზე კარგია, მაგრამ ზაფხულში ეცადეთ შეარჩიოთ ჩრდილიანი ადგილი. მზიან ადგილას დილით კარვის მაგივრად საუნაში გაიღვიძებთ.

გარდა ამისა, კარვის ხანგრძლივი დგომა მზეში აზიანებს მატერიას და ამცირებს ტენტის სიცოცხლისუნარიანობას.

აქვე წასაკითხი: როგორ შევარჩიოთ კარავი.

ქარი

შეარჩიეთ ადგილი, სადაც ძლიერი ქარი არ არის. ზომიერი სიო კარგია ვენტილაციისთვის. ასეთი ადგილებია ხშირი ტყე და დიდი ლოდების (ბოლდერების) მიმდებარე ტერიტორიები.

კარავი გაშალეთ ისე, რომ კარი არ იყოს ქარის მხარეს. თუ ქარი ძლიერია, გამოიყენეთ სამაგრი თოკები, რაც ქარში კარვის კონსტრუქციას მეტ სიმყარეს სძენს.

დახრილობა

შეარჩიეთ თითქმის სწორი, ოდნავ დახრილი ადგილი. იდეალურად სწორ ან ჩაღრმავებულ ადგილზე წვიმის დროს აღმოჩნდებით გუბეში. ოდნავი დახრა უზრუნველყობს წვიმის წყლის გადინებას.

კარვის გაშლამდე შეძლებისდაგვარად მოასუფთავეთ ადგილი ქვებისგან და უხეში გამხმარი ბალახებისგან. არ დააზიანოთ ცოცხალი მცენარეები.

ხეობები

თუ ხეობაში გიწევთ კარვის გაშლა, დააკვირდით ამინდის ცვალებადობას. დაბანაკდით წყლის მაქსიმალური დონიდან გაცილებით მაღლა. მაქსიმალური დონე არის დონე, რასაც წყალი აღწევს ძლიერი წვიმის და წყალდიდობისას.

თუ მოსალოდნელია წვიმა, ჯობს სიარული გავაგრძელოთ და ხეობაში დაბანაკებას ავარიდოთ თავი. გარდა წყლის ადიდების საშიშროებისა, ხეობები გამოირჩევა ძლიერი ქარით.

ხეები

კარგია იმით, რომ არის ჩრდილი და ნაკლები ქარი. კარვის გაშლამდე დარწმუნდით, რომ თქვენს თავზე არ არის გამხმარი ტოტები, რაც შეიძლება ქარის დროს ჩამოტყდეს.

არ გაშალოთ კარავი ცალკე მდგომ ხესთან, რადგან ასეთი ხეები განსაკუთრებით იზიდავენ მეხს ჭექა-ქუხილის დროს.

კარვის გაშლა თოვლში

  • შეარჩიეთ მაღალი ადგილი. ჰაერის ცივი მასები გროვდება დაბლობებში.

  • შეარჩიეთ ისეთი ადგილი, რომ დილით კარავს მზე მოადგეს და გაგათბოთ.

  • გამოიკვლიეთ ზვავსაშიშროება. მოტიტვლებული ფერდობები ზვავსაშიშია. შეარჩიეთ ადგილი, სადაც ასაკოვანი ხეებია და დააკვირდით, რომ ტოტები არ იყოს დამტვრეული, რაც ახლო წარსულში ზვავის დატოვებული კვალია.

  • არ დაბანაკდეთ მთის ძირში. ეს ყველაზე სარისკო ადგილია ზვავის ჩამოწოლის შემთხვევაში.