[x]

ძიება

როგორ შევარჩიოთ ცარცი (მაგნეზია)

საცოცი ცარცი, იგივე მაგნეზია, ძალიან მნიშვნელოვანია დარბაზში ან კლდეზე ცოცვისას. მაგნეზია აუცილებელია ხელების სიმშრალის შენარჩუნებისთვის. მეკლდეურებს მაგნეზიის შერჩევაში ეს სტატია დაგეხმარებათ.

ბოლო განახლება · 2 წუთის წასაკითხი

ცარცი (მაგნეზია)

კლდეზე ცოცვა ფიზიკურად აქტიური სპორტია, შესაბამიდად, ხელებიც ხშირად და მარტივად გვეოფლება. ეს ამცირებს მოჭიდებას და ართულებს ცოცვას. ამისთვის მეკლდეურები იყენებენ ცარცს. ჩვენთვის ცნობილი როგორც მაგნეზია.

საცოც ცარცად ადრე გამოიყენებოდა კალციუმის კარბონატი, თუმცა ახლა თითქმის 100% შემთხვევაში გამოიყენება მაგნეზია - MgCO3 – მაგნეზიის კარბონატი. ზოგ შემთხვევაში შეიცავს დამატებით ნივთიერებებსაც, რაც აუმჯობესებს მოჭიდებას და გვეხმარება სიმშრალის შენარჩუნებაში.

მაგნეზიის ტიპები

ბლოკი

ასეთი მაგნეზია იყიდება მყარ ბლოკებად. თქვენ შეგიძლიათ ჩამოიტეხოთ და დაფშხვნათ იმდენი, რამდენიც გინდათ. ჩაიყაროთ ცარცის ჩანთაში და წახვიდეთ საცოცად. მაგნეზიის ბლოკი, როგორც წესი, არ შეიცავს დამატებით ნივთიერებებს და არის წმინდა მაგნეზია (MgCO3).

საუკეთესო მაგნეზია, ბლოკები

ფხვნილი

მაგნეზია წინასწარ დაფხვნილია და მზადაა პირდაპირ ჩანთაში ჩასაყრელად. ხშირად ასეთი მაგნეზია შეიცავს დამატებით ნივთიერებებს, რაც გვეხმარება ხელის სიმშრალის შენარჩუნებაში და ზრდის მოჭიდებას.

დაფხვნილი მაგნეზია უფრო ძვირია, ვიდრე იგივე წონის ბლოკი. ასე რომ არჩევანი თქვენზეა.

ფხვნილის ბურთი

ხშირია შემთხვევები, როცა ჩანთიდან ფხვნილი გვეყრება და ვრჩებით მაგნეზიის გარეშე. ამისთვის იყიდება მაგნეზია ბურთებად. მაგნეზიის ფხვნილი ჩაყრილია სფერული ფორმის ნაჭერში. ბურთს ვაგდებთ ჩანთაში და მასზე ხელის წასმით მაგნეზია თანაბრად ნაწილდება ხელის გულზე და თითებზე.

აქვე წასაკითხი: როგორ შევარჩიოთ ცარცის ჩანთა.

მაგნეზიის ბურთის დადებითი მხარე არის მისი ეკონომიურობა, რადგან ცარცი უაზროდ არ იყრება ჰაერში და ხელზე ოპტიმალურად ნაწილდება. ხოლო უარყოფითი მხარეა ის, რომ ასეთი მაგნეზიით მხოლოდ ხელის გულებს და თითებს დავიფარავთ. მაჯების, მთლიანი ხელის მტევნის და უფრო მეტი ფართობის დასაფარად (რთულ მარშრუტებზე, ნაპრალში ცოცვისას) ასეთი მაგნეზია მოუხერხებელია.

მაგნეზიის ფხვნილის ბურთები

თხევადი

თხევადი ცარცი, იგივე თხევადი მაგნეზია, მარტივად რომ ვთქვათ, არის მაგნეზიის და ალკოჰოლის ნაზავი. ხელებზე წასმის შემდეგ, ალკოჰოლი მალევე ორთქლდება და ხელზე გვრჩება თანაბრად გადანაწილებული მაგნეზია. თხევადი მაგნეზიის დიდი პლიუსია ის, რომ არ იფანტება ჰაერში, გამოყენებისას დანაკარგი თითქმის ნულია. ასევე კლდეზე ტოვებს მინიმალურ კვალს.

საუკეთესო თხევადი მაგნეზიები