[x]

ძიება

დეტალურად წყალგამძლეობის შესახებ

წყალგაუმტარობის მაჩვენებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია მრავალი ნივთის შეძენისას. ამ სტატიაში გაიგებთ რას აღნიშნავს წყალგაუმტარობის ATM და IP კოდები და როგორ უნდა მივხვდეთ როგორი გამძლეობა აქვს ამა თუ იმ ნივთს.

ბოლო განახლება · 4 წუთის წასაკითხი

წყალგაუმტარობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა, რაც საათს, ტელეფონს ან მის ჩასადებს, თავფანარს, სპორტულ ვიდეოკამერას და სხვა მრავალ ნივთს გააჩნია. ნივთზე ვერ ვიტყვით ცალსახად, რომ ის არის წყალგაუმტარი. არსებობს წყალგაუმტარობის მრავალი დონე და მათ შესაფასებლად გამოიყენება mm (მილიმეტრი), ATM (წნევა) და IP კოდები.

მილიმეტრაჟი (mmH2O ან mm)

წყალგამძლეობა მილიმეტრებით ძირითადად ქსოვილზე იზომება. ამ ერთეულებს შეხვდებით ქურთუკზე, შარვალზე, კარვის საწვიმარ ტენტზე და ძირზე. ეს ტესტი ტარდება მატერიაზე სვეტის მოთავსებით და მასში წყლის დონის ზრდით. ზოგჯერ ზრდიან წყლის წნევასაც, რათა მოახდინონ ქარის და სხვა ფაქტორების სიმულაცია. 1000mm წყალგამძლეობა ნიშნავს, რომ მასალა არ გაატარებს წყალს თუ მასზე მოვათავსებთ 1000 მმ სიმაღლის წყლის სვეტს.

მილიმეტრები (mm) წყალგამძლეობა გამოსადეგი პირობები
5 000 mm-მდე მცირედი გამძლეობა ოდნავი სისველის და ნესტის დროს. მცირე წვიმა, მშრალი თოვლი
6 000 - 10 000 mm წვიმაგამძლე და თოვლგამძლე მცირე წვიმა, საშუალო თოვლი, ზომიერი წნევა
11 000 - 15 000 mm წვიმაგამძლე და თოვლგამძლე გარდა მაღალი წნევისა. საშუალო წვიმა და თოვლი, არა ძალიან მაღალი წნევის პირობებში.
16 000 - 20 000 mm წვიმაგამძლე და თოვლგამძლე ძლიერი წვიმა, სველი თოვლი, ზომიერი წნევა.
20 000 mm და მეტი წვიმაგამძლე და თოვლგამძლე ექსტრემალურ პირობებში ძლიერი წვიმა, სველი თოვლი, მაღალი წნევა

ჩაწერისას ბოლო სამი ნულის მაგივრად შესაძლოა შევხვდეთ 1000-ის აღმნიშვნელ K ასოს — 15K იგივეა რაც 15000mm.

წყალგამძლე მატერიებში (მემბრანებში) ყველაზე ცნობილია GORE-TEX®, რომელიც ფეხსაცმელებში, ქურთუკებში, შარვლებში და ბევრს სხვა ნაწარმში გვხვდება. ასევე წყალგაუმტარი მატერიებიდან ცნობილია eVent®, MemBrain®, Polartec® (NeoShell®, Power Shield® Pro). ასევე The North Face-ის DryVent® (წარსულში Hyvent®), Patagonia-ს H2No® და Marmot-ის PreCip™.

წყლის წნევა (ATM)

ატმოსფერო - წნევის საზომი ერთეული, რომელსაც სხვა დანიშნულებების გარდა ასევე იყენებენ წყალგაუმტარობის შეფასებისას. ამ ერთეულების ადვილად გასაგებად გთავაზობთ წნევისა და წყალგამძლეობის შესაბამისობის ცხრილს.

წნევა (ატმოსფერო) წყალგამძლეობა
1 ATM ზოგადი დაცვა წვეთებისგან. დაცულია წვიმაში, მაგრამ ვერ გაუძლებს საშხაპეს და ცურვას.
3 ATM უძლებს წვიმას და საშხაპეს. არ გამოდგება ცურვისას.
5 ATM უძლებს წვიმას, საშხაპეს, წყალში ჩავარდნას და გამოსადეგია წყლის ზედაპირზე ცურვისას. არ გამოდგება ყვინთვისთვის.
10 ATM უძლებს ზედაპირზე ცურვას და ოდნავ ჩაყვინთვას.
20 ATM გამოსადეგია ცურვისას და წყალთან დაკავშირებულ სპორტულ აქტივობებში. უძლებს ყვინთვას, მაგრამ არა ღრმა ყვინთვას (დაივინგს).

ATM ძირითადად გვხვდება საათებზე. სხვა მოწყობილობებზე და ნივთებზე უემტესად IP კოდებს იყენებენ.

IP კოდები

IPX4 IP67 IP68 და ა.შ. — ეს კოდები ხშირად გვხვდება ტელეფონებზე, ფიტნეს ტრეკერებზე, ფანრებზე და ა.შ, მაგრამ ბევრმა არ იცის მისი მნიშვნელობა. ეს არის IEC 60529 სტანდარტის შესაბამისი IP კოდები (International Protection Marking ან Ingress Protection Marking) და განსაზღვრავს ნივთის დაცულობის დონეს მყარი და თხევადი სხეულებისგან.

განვიხლოთ მისი ჩაწერის წესი:

IPABCD

  • IP - ფიქსირებული ორი ასო.
    აღნიშნავს კოდის ტიპს (ყოველთვის არის IP).

  • A - 0-დან 6-მდე რიცხვი.
    მყარი სხეულებისგან დაცულობის დონე (ქვიშა, მტვერი, ა.შ).

  • B - 0-დან 9-მდე რიცხვი.
    თხევადი სხეულებისგან დაცულობის დონე (წყალი და სხვა ნივთიერებები).

  • C - 0-დან 9-მდე რიცხვი.
    მექანიკური ზემოქმედებისგან დაცულობის დონეს (ეს ნიშნული აღარ გამოიყენება IP კოდებში).

  • D - ერთი ლათინური ასო.
    დამატებითი ინფორმაციის მანიშნებელი (არასავალდებულო).

მყარი სხეულებისგან დაცულობა (A, პირველი სიმბოლო)

რიცხვი ობიექტის ზომა აღწერა, მაგალითი
0 - არანაირი დაცვა მყარი სხეულებისგან.
1 50მმ + ზოგადი დაცვა. დაიცავს დიდი ზომის ობიექტებისგან.
2 12.5მმ + დაიცავს თითების და მცირე ნივთების მოხვედრისგან.
3 2.5მმ + დაიცავს ხელსაწყოებისგან, სქელი სადენებისგან და ა.შ.
4 1მმ + დაიცავს ჭანჭიკების და წვრილმანი დეტალების მოხვედრისგან.
5 მტვრისგან დაცული ნაწილობრივ დაიცავს მტვრის და ქვიშის ნაწილაკებისგან. შეაჩერებს უმეტეს ნაწილს.
6 მტვერის გაუმტარი სრული დაცვა მყარი სხეულების თუნდაც ძალიან მცირე ზომის ნაწილაკებისგან.

თხევადი სხეულებისგან დაცულობა (B, მეორე სიმბოლო)

რიცხვი დასველების ტიპი (ჩატარებული ტესტი) ხანგრძლივობა
0 - -
1 ვერტიკალური წვეთები. 10 წუთი
2 ვერტიკალური წვეთები ნივთის 15°-ით დახრისას.
3 წვეთები ნივთის 60°-ით დახრისას. 5 წუთი
4 წვეთები და ნებისმიერი მიმართულებით შესხმული წყალი.
5 6.3მმ დიამეტრის შლანგიდან დასხმული წყალი. 3 მეტრის დისტანციიდან, ნებისმიერი მიმართულბიდან. 3 წუთი
6 12.5მმ დიამეტრის შლანგიდან მაღალი წნევით დასხმული წყალი. 3 მეტრის დისტანციიდან, ნებისმიერი მიმართულბიდან.
7 1 მეტრამდე სიღრმის წყალში მოთავსება. 30 წუთი
8 1 მეტრზე მეტი სიღრმის წყალში მოთავსება. არ არის განსაზღვრული

მესამე და მეოთხე სიმბოლოები იშვათად გამოიყენება. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ ვიკიპედიაზე. იმ შემთხვევაში, როცა მყარი ან თხევადი დაცულობიდან რომელიმე არაა მითითებული, აღნიშვნაში რიცხვი ნაცვლება X-ით. მაგალითად IPX5 IP3X.

LifeProof-ის FRE სერიის ტელეფონის ქეისები და GoPro Hero 6 კამერა არის IP68 დონის დაცულობის, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ატარებს არანაირ მყარ ნაწილაკს და ასევე უძლებს 1 მეტრზე მეტი სიღრმის წყალში მოთავსებას. ქეისის შემთხვევაში 2 მეტრამდე, GoPro-ს შემთხვევაში კი 10 მეტრამდე წყალს.

რა უნდა გავითვალისწინოთ

მნიშვნელოვანია, რომ პროდუქციის შეძენისას ყოველთვის დეტალურად დავაკვირდეთ ამ კოდებს. შესაძლოა ეწეროს, რომ ნივთი არის წყალგამძლე, მაგრამ იგულისმებოდეს დაცულობის IPX4 დონე, რაც ნიშნავს, რომ ეს ნივთი მხოლოდ წვიმას და მცირე რაოდენობით წყლის შესხმას უძლებს.