[x]

ძიება

რა უნდა იცოდეთ ზამთარში ლაშქრობისას

ყველაფერი გამოცდილებით მოდის, მაგრამ სანამ ჩვენივე შეცდომებზე ვისწავლით ჭკუას, ჯობს სხვისი გამოცდილება გავიზიაროთ და მომზადებული შევხვდეთ თავგადასავლებს. ამ სტატიაში წაიკითხავთ იმ აუცილებელ რაღაცებს, რაც უნდა იცოდეთ, თუ ზამთარში ლაშქრობა გადაწყვიტეთ.

ბოლო განახლება · 5 წუთის წასაკითხი

ზოგადი რჩევები
სანამ გზას გაუდგებით

  • არ წახვიდეთ მარტო. ყველანაირი რისკი ათმაგდება თოვლში. ჯგუფში უმჯობესია უმეტესობა იყოს გამოცდილი სხვადასხვა საკითხებში, როგორიცაა თოვლში თავშესაფრის გაკეთება, გაუკვალავ თოვლში გადაადგილება, გზის გაგნება და ა.შ.

  • შეისწავლეთ თქვენი დაგეგმილი მარშრუტი რუკაზე. წინასწარ გათვალეთ მანძილი და დრო საკარვე ადგილებამდე და გამოუვალ სიტუაციაში უახლოეს სამედიცინო ან სამაშველო პუნქტებამდე.

  • გააცანით სხვა მეგობრებს და ნათესავებს თქვენი გადაადგილების გეგმები და დრო. დაუტოვეთ თქვენთან ერთად წამომსვლელების საკონტაქტო ინფორმაცია.

  • დაგეგმეთ გასვლა ისე, რომ სიბნელეში სიარული თავიდან აირიდოთ. გახსოვდეთ, რომ ზამთარში დღეები უფრო მოკლეა, ვიდრე ზაფხულში.

  • ერიდეთ ზვავსაშიშ ადგილებს. თუ ასეთ ადგილას გავლა გარდაუვალია, აუცილებლად გაეცანით ზვავის არიდების და გადარჩენის წესებს. უმჯობესია თუ გავლილი გექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული მომზადება.

    აუცილებლად წასაკითხი: როგორ ავირიდოთ და გადავურჩეთ ზვავს.

ზამთრის ტანსაცმელი
როგორ ჩავიცვათ სწორად

ზამთარში ლაშქრობისას უნდა გვეცვას ისე, რომ შევინარჩუნოთ სითბო და ამავდროულად სიმშრალეც. სიარულისას ტანსაცმელი უნდა ვარეგულიროთ (ჩავიცვათ და გავიხადოთ) ისე, რომ არც გვციოდეს და არც გავიოფლოთ. ყინვაში სველი ტანსაცმლით სიარული ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გრძნობაა.

ტანსაცმელი დაყავით ფენებად - ძირითადი, შიდა და გარე ფენები. ჩაიცვით ტემპერატურის და ამინდის მიხედვით.

  • ძირითადი, იგივე პირველი ფენა (Base Layer), არის თხელი სინთეტური ტანსაცმელი, რომელსაც ხშირად „თერმო“ ზედა-ქვედას ვეძახით. თერმო ტანსაცმელი მზადდება სპეციალური ტექნოლოგიებით (მაგ.: Burton-ის DryRide), რაც უზრუნველყოფს ორთქლისა და ოფლის გარე შრეებში გატანას და აორთქლებას.

    არასოდეს ჩაიცვათ ბამბის ტანსაცმელი პირველ შრედ, რაც არ უნდა გარწმუნონ, რომ ნატურალური და კარგია. ბამბის ტანსაცმელი იწოვს სისველეს და ხელს უშლის ჰაერის ვენტილაციას.

  • შიდა ფენა ემსახურება სხეულის სითბოს შენარჩუნებას და თერმოიზოლაციას. ასეთი ტიპის ტანსაცმელი უმეტესად არის "ფლისის" მასალის.

  • გარე შრე არის ქარგაუმტარი, წყალგაუმტარი და თბოიზოლატორი ტანსაცმელი. ასეთი შარვლები და ქურთუკები მზადდება ასევე სპეციალური ტექნოლოგიებით, როგორიცაა GORE-TEX, DryVent და ა.შ. ეს ტექნოლოგიები უზრუნველყოფს წყალგაუმტარობას და თბოიზოლაციას.

    აქვე წასაკითხი: დეტალურად წყალგამძლეობის შესახებ.

თუ სიარულისას შესვენებას გადაწყვეტთ, მოიცვით დამატებითი ტანსაცმელი, რათა მაქსიმალურად შეამციროთ ტემპერატურული დანაკარგი. თუ ზედმეტად გაგრილდებით, ორგანიზმს სითბოს დასაბრუნებლად დამატებითი ენერგია დასჭირდება.

ფეხსაცმელი

თოვლში სასიარულო სალაშქრო ფეხსაცმელი ჩვეულებრივისგან განსხვავდება წყალგაუმტარობით, სითბოს შენარჩუნებით და ბევრი სხვა რამით. გათვილილია წრიაპის დამაგრებაზეც, რაც მოყინულ ზედაპირზე გადასაადგილებლადა საჭირო. ღრმა თოვლში კარგ ფეხსაცმელთან ერთად კარგი გამაშებიც დაგჭირდებათ.

გამაშების გარდა, გაუკვალავ ღრმა თოვლში სიარულისთვის თოვლის ფეხსაცმელიც დაგჭირდებათ (ე.წ. „სნოუშუ“, „სნეგასტუპი“). ამაზე ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ ახლო მომავალში.

აქვე წასაკითხი: როგორ შევარჩიოთ გამაშები.

აღჭურვილობა
რჩევები აღჭურვილობაზე

გარდა იმ ნივთებისა, რაც ჩვეულებრივ გჭირდებათ თბილ ამინდში ლაშქრობისას, ზამთარში დამატებითი ნივთებიც დაგჭირდებათ. ასევე უნდა გაითვალისწინოთ ზამთრის დამახასიათებელი თავისებურებებიც.

  • მზისგან დამცავი კრემი

    მზე შეიძლება ზამთარში უფრო მწველი იყოს, ვიდრე ზაფხულში. ამიტომ აუცილებლად იქონიეთ მზისგან დამცავი კრემი.

  • სათვალე

    თოვლიდან არეკლილი მზის გამოსხივება ცუდად მოქმედებს თვალებზე და შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. „თოვლის სიბრმავე“. ამისთვის აუცილებლად ატარეთ მზის სპეციალური სათვალე, ან სათხილამურო თოვლის სათვალე. ვრცლად სათხილამურო სათვალეებზე: როგორ შევარჩიოთ თოვლის სათვალე.

  • ნავიგაცია

    თოვლში გზის გაგნება ბევრად რთულია, რადგან არ ჩანს ბილიკები და ხშირად მარკირებებიც დაფარულია თოვლით. აუცილებლად იქონიეთ რუკა და კომპასი ან გამართული GPS ნავიგატორი.

  • კარავი

    ზამთარში აუცილებლად 4 სეზონიანი კარავი დაგჭირდებათ. თოვლში საკარვე ადგილიც განსაკუთრებული ყურადღებით და სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ. წაიკითხეთ როგორ იპოვოთ კარგი საკარვე ადგილი და ასევე როგორ შეარჩიოთ კარავი.

  • საძილე ქვესაგები

    თოვლში უმჯობესია იქონიოთ ორი ქვესაგები პარალონი. იდეალურ შემთხვევაში ერთი ცალი ქაფოვანი და ზედ მეორე თვითგაბერვადი ან გასაბერი ქვესაგები. ვრცლად ქვესაგებ პარალონებზე: როგორ შევარჩიოთ ქვესაგები (პარალონი).

  • საძილე ტომარა, ლაინერი

    დარწმუნდით, რომ თქვენი საძილე ტომარა შეესაბამება იმ ტემპერატურას, სადაც მიდიხართ. საძილე ტომრის დამატებითი გარე ლაინერი დაგეხმარებათ სითბოს შენარჩუნებაში. ვრცლად საძილე ტომრებზე: როგორ შევარჩიოთ საძილე ტომარა.

  • სალაშქრო ჯოხები

    ჯოხებს დაუყენეთ თოვლის ფრთები (კალათები), რომლელიც ბევრად განიერია და არ იფლობა ღრმა თოვლში. ჯოხები დაგეხმარებათ სტაბილურობაში და წონასწორობაში. ვრცლად სალაშქრო ჯოხებზე: როგორ შევარჩიოთ სალაშქრო ჯოხები.

  • განათება, თავფანარი

    ზამთარში დღეები ბევრად მოკლეა და მალე ბნელდება. აუცილებლად იქონიეთ შესაბამისი განათება, უმჯობესია თავზე დასამაგრებელი ფანარი. ვრცლად თავის ფანრებზე: როგორ შევარჩიოთ თავფანარი.

  • ელემენტები

    ყინვაში ლითიუმის ბატარეები უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე ალკალაინის. დაბალ ტემპერატურაზე ელემენტები გაცილებით მალე კარგავენ მუხტს, ამიტომ შეინახეთ ჩანთაში, ღამით კი საძილე ტომარაში.

ზვავსაშიშროება
როგორ ავირიდოთ ზვავი და გადვრჩეთ მასში მოყოლისას

ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე თოვლში ლაშქრობისას არის ზვავი. ზვავისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტური ხერხია, რომ უბრალოდ არ წახვიდეთ ზვავსაშიშ ადგილებში. წინასწარ გაარკვიეთ ზვავსაშიშროების დონეები და პროგნოზი (ნალექების დონე, ქარი, ზვავების სტატისტიკა). ასევე მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ ზვავსაშიში ადგილების ამოცნობა და სიტუაციის შესაბამისად გადაადგილება.

უფრო დეტალურად ზვავსაწინააღმდეგო აღჭურვილობის და ზვავში გადარჩენის შესახებ, ცალკე სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ:

აუცილებელი: როგორ ავირიდოთ და გადავურჩეთ ზვავს.

ჯანმრთელობის პრობლემები

ზამთრის მკაცრი პირობები აიოლებს ჯანმრთელობის პრობლემების წარმოქმნას. უსიამოვნებების თავიდან ასარიდებლად უნდა ვიცოდეთ მათი პრევენცია და შესაბამისი ზომების მიღება.

მოყინულობა

მოყინულობა უმეტესად ვითარდება სხეულის პერიფერიულ ადგილებში, როგორიცაა ტერფები, ხელის და ფეხის თითები, ცხვირი და ზოგადად სახე. მოყინულობა ვითარდება მაშინ, როცა სისხლის ცირკულაცია ვერ ახდენს სხეულის შესაბამის გათბობას.

მოყინულობის ნიშნებია მგრძნობელობის დაქვეითება, წვის შეგრძნება. კანი იღებს მოწითალო-მოშინდისფრო შეფერილობას.

ასეთ შემთხვევაში, დაზიანებული ადგილი მოათავსეთ სითბოში. გაითბეთ თბილი (მაგრამ არა ცხელი) წყლით. არ გაითბოთ დაზიანებული ადგილი ცეცხლით — სწრაფი გათბობა აუარესებს დაზიანებას. არ დაიზილოთ მოყინული ადგილი, რათა ქსოვილი უარესად არ დაიზიანოთ.

ჰიპოთერმია

ჰიპოთერმია არის ორგანიზმის გადაციება. ეს ხდება როცა ორგანიზმი უფრო მეტ ტემპერატურას კარგავს, ვიდრე გამოიმუშავებს. დაბალი ტემპერატურის სომპტომებია კანკალი, მეტყველების დარღვევა, არაკომუნიკაბელურობა და უენერგიობა. ჰიპოთერმიის თავიდან ასარიდებლად, იყავით მუდმივად თბილად. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე და საკვები.

ჰიპოთერმიის შემთხვევაში, დაზარალებული დააწვინეთ საძილე ტომარაში და სითბოსთვის ჩაულაგეთ ცხელი წყლით სავსე ბოთლები. დაწექით მასთან ერთ საძილე ტომარაში, რათა თქვენი სხეულის ტემპერატურით გაათბოთ იგი. მძიმე შემთხვევაში, აუცილებლად გადაიყვანეთ უახლოეს სამედიცინო პუნქტში.

დეჰიდრატაცია (გაუწყლოება)

ყველასთვის ცნობილია, რომ ორგანიზმს დიდი რაოდენობით სითხე სჭირდება ზაფხულში, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ეს ვრცელდება ზამთარზეც. მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხეები, მიუხედავად იმისა, გწყურიათ თუ არა.

გაუწყლოების სიმპტომებია თავბრუსხვევა, აჩქარებული პულსი, სიმშრალე პირის ღრუში, ზოგადი სისუსტე და დაღლილობა.

გაითვალისწინეთ, რომ წყლის ფილტრები უსარგებლოა ყინვაში, ხოლო წყლის სადეზინფექციო ტაბლეტებს სჭირდებათ გაცილებით დიდი დრო მოქმედებისთვის.


ნუ შეგაშინებთ ეს ყველაფერი. თუ გაითვალისწინებთ ყველა საჭირო წესს, თან იქონიებთ აუცილებელ პრეპარატებს და მიიღებთ შესაბამის ზომებს პრევენციისთვის, ლაშქრობა იქნება მხოლოდ სასიამოვნო და კარგად დასამახსოვრებელი. ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. თუ რისკები დიდია, დროულად გამობრუნდით უკან.

წარმატებულ და სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!